| |
კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის, ქართველ და უცხოელ კინემატოგაფებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და შემოქმედებითი გამოცდილებების გაცვლის მიზნით ბათუმში 2006 წელს დაარსდა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ოფიციალური ორგანიზატორია “ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი”.
ფესტივალი საავტორო კინოზეა ორიენტირებული. 2006 წელსვე ჩატარდა პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო, მონაწილეობდა 23 ქვეყანა (ევროპიდან, აზიიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან) და მხადამჭერი იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
II კინოფესტივაზე იყო წარმოდგენილი ცნობილი პოლონელი რეჯისორის ანჟეი ვაიდას რეტროსპექტივა და ქ. ზანუსის ფილმების ჩვენება (ა. მიცკევიჩის ინსტიტუტის ხელშეწყობით). ფესტივალის სტუმრებს შორის მრავლად იყვნენ კინემატოგრაფის გამოჩენილი მოღვაწეები, მათ შორის: ქ.ზანუსი, ე. რაჯივილოვიჩი, პ. ობიე და მრავალი სხვა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟიურის თავმჯდომარე იყო ქრისტოფერ კამისჩევი (ჩიკაგოს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დირექტორი).
2008 წელს ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია ქ. ბათუმის მერია. ფესტივალის პრეზიდენტია ლანა ღოღობერიძე. პროგრამის დირექტორი – ქრისტოფერ კამისჩევი (ჩიკაგოს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დირექტორი), რეტროსპექტივების და სხვადასხვა ჩვენებების კურატორი – ანჟეი სლავიცკი (პოლონეთი), დირექტორი – გიორგი გოგიბერიძე და საორგანიზაციო ჯგუფი 20 კაციანი შემადგენლობით.
ფესტივალი ყოველწლიურია და ტარდება სექტემბრის მეორე ნახევარში, საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებისამებრ.
კინოფესტივალის პროგრამა
- საკონკურსო ფილმები – მხატვრული და დოკუმენტური კინოს სექციები
- “აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო” – საქართველო, კავკასია, ირანი, თურქეთი, ცენტრალური აზია
- "შეხვედრა ჟიურისთან"– ჟიურის წევრების კინოფილმები
- არასაკონკურსო ჩვენების სექცია – მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური ფილმები
- რეტროსპექტივები
ფესტივალზე ფილმები შეფასდება შემდეგი ნომინაციებით:
- გრან პრი
- საუკეთესო მხატვრული ფილმი
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
- მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი
- ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი
- ჟიურის სპეციალური პრიზი
და დამატებითი პრიზებით:
კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ქართველი კინემატოგრაფისტი),
კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (უცხოელი კინემატოგრაფისტი),
დირექციის პრიზი.
|
|